საკუთარი მე

19 წლის განმავლობაში არა ერთხელ მიფიქრია საკუთარ თავზე, წარსულზე, აწმყოზე, მომავალ გეგმებზე, თუმცა კითხვაზე თუ ვინ ვარ მე არასდროს მქონია პასუხი.

ალბათ უხერხულია, ან სრულიად ნორმალური, რომ „მე“-ზე საუბარი მიჭირს. პესიმიზმით ვარ დატვირთული, შესაბამისად ყოველთვის ცუდის მოლოდნში მყოფი მარტივად ვიღებ ენდორფინებს უბრალოდ ფერადი ამბებისგან. თუმცა თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მეგობრებისთვის ოპტიმიზმს ვაფრქვევ, ვიცი პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ უჩვეულო რაღაცები ყველას ცხოვრებაში ხდება.

განსაკუთრებულს და უჩვეულოს არაფერს წარმოვადგენ. ვარ 19 წლის ჩვეულებრივი მარიამი, რომელიც თბილისში სასწავლებლად ჩამოვიდა და ოცნებობს რამე ღირებულის შექმნაზე (ისე როგორც ყველა ადამიანი). მინდა რამე ისეთი შევძლო, რაც ჩემი და სხვების უკეთეს ცხოვრებას შეუწყობს ხელს. ალბათ რა სხვანაირია ცხოვრება, როცა იცი რომ ფუჭად არ გიცხოვრია. ჩემი ყველაზე დიდი ფობიაც ეგ არის.

ვსწავლობ ჟურნალისტიკაზე, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებ ჩემი მომავალი საქმიანობის მნიშვნელობას, მაგრამ ფაქტია, მომწონს ის, რასაც ვაკეთებ. ვიცი ამ კუთხით ბევრ სირთულეს წავაწყდები, ბევრს ვიტირებ, ბევრსაც ვიცინებ, მაგრამ ბოლოს ყველაფერი ისე იქნება როგორც საჭიროა.

მიყვარს ადამიანები, ცხოველები, ზოგადად ყველაფერი მიყვარს. უნარი მაქვს მარტივად შევიყვარო, ეს ნაკლია თუ პლუსი თავად განსაჯეთ. მე ვიცი რომ სიყვარულით ყველაფერს შევძლებთ და მჯერა, რომ დედამიწა საკუთარი ღერძის გარშემო სწორედ სიყვარულის ძალით ბრუნავს.

Design a site like this with WordPress.com
დაიწყე